მამუკა მდინარაძე: მოსალოდნელია საკანონმდებლო შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სასამართლოს რეფორმის ფარგლებში, ინსპექტორის ინსტიტუტის დამკვიდრება სისტემის დამოუკიდებლობას ხელს შეუშლის. აღნიშნულთან დაკავშირებით მდინარაძე განცხადებას ავრცელებს:   „მოსალოდნელია საკანონმდებლო შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რაც გამოუსწორებელი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს.   დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც სასამართლოში უკვე შეინიშნება დამოუკიდებლობის გარკვეული ნიშნები და პოზიტიური ძვრები, მიგვაჩნია, რომ არასწორი, მტკივნეული და სასამართლო სისტემისათვის დამანგრეველი იქნება ამ სისტემაში ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა. აღნიშნული არათუ ხელს შეუწყობს სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, არამედ თითოეულ მოსამართლეში გააჩენს გარკვეული დამოკიდებულების, ანგარიშვალდებულების, ზედამხედველობის განცდას და მოგვეველინება როგორც პოლიციური, ინკვიზიციური ჩანართი სასამართლო სისტემაში.   ასევე გაურკვეველია სხვა ცვლილებათა ქვეტექსტი თუ საფუძველი, როგორიცაა მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმება და მსგავსი უარგუმენტო გადაწყვეტილებები.   მაგალითად, მოცემულ შემთხვეევაში პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ვინ უნდა შეასრულოს სასამართლოს თვამჯდომარის უფლებამოსილება მისი არყოფნის -მივლინების, შვებულების, ავადმყოფობის და ა.შ. პერიოდში; რამდენად წაადგება აღნიშნული ცვლილება უკვე აპრობირებულ მენეჯმენტს; ეფუძნება თუ არა ასეთი ცვლილება რომელიმე კვლევას ან რომელი, ამ სფეროში წარმატებულად მიჩნეული, ქვეყნის პრაქტიკის ანალოგიას მიმართავენ იდეის ავტორები", - განაცხადა მდინარაძემ.   „ადვოკატთა ალიანსი" მიმართავს კანონპროექტის ავტორებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს მდივანს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა, სასამართლო სისტემა ნეგატიურ  შედეგებამდე მიიყვანოს, რომელთა გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება.